უნიკოდი (უნიკალური კოდები სიმბოლოებისთვის) საყოველთაო გამოყენების ცხრილია მსოფლიოში არსებული ყველა იმ სიმბოლოსა თუ ასონიშნის ასახვისა და უნიკალური ციფრული კოდით წარმოდგენისთვის, რომლებიც დღემდე გამოიყენება ან ოდესღაც მაინც გამოიყენებოდა. შედეგად, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი წერილობითი მასალის გაციფრულება და ინტერნეტით გადაცემა. მის შემუშავებას ზედამხედველობს ამავე სახელწოდების მქონე არამომგებიანი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 80-იანი წლების ბოლოს კომპიუტერულ სამყაროში წამყვანი კომპანიების მიერ (Adobe, Apple, Microsoft, IBM და ა.შ.)
ქართულის თავდაპირველი ასახვა
დღეს ქართული ასონიშნების ოთხი სახეობა უნიკოდში მოცემულია სამ განცალკევებულ ჯგუფად. ეს განპირობებულია იმით, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც უნიკოდის კონსორციუმში მიმდინარეობდა ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა დამწერლობების შესახებ, ვერ მოხერხდა სათანადო მასალების მიწოდება ქართული მხრიდან ქვეყანაში იმ დროს არსებული მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
შედეგად, უნიკოდის თავდაპირველ ქართულ ჯგუფში (U+10A0 – U+10FF) 1991 წელს აისახა მხოლოდ ორი, ძველქართული ასომთავრული ანუ „მრგლოვანი“ და თანამედროვე მხედრული ანბანი, ვინაიდან უნიკოდის წარმომადგენლებმა არსებული მონაცემების საფუძველზე ივარაუდეს, რომ ქართულში მსგავსად ლათინურისა, ბერძნულისა და ა.შ. არსებობდა მხოლოდ ერთი წყვილი „დიდი“ და „პატარა“ ასონიშნებისა, რომელთაგანაც პირველს იყენებდნენ ქვებზე და ძეგლებზე წარწერის ამოსატვიფრად, იგულისხმება ასომთავრული, ხოლო მეორე იყო მისგან უკვე მოგვიანებით განვითარებული მომცრო ზომის მხედრული ხელნაწერების შედგენის კვალდაკვალ.
![]() |
ამოტვიფრული ლათინური დიდი ასოები |
![]() |
ხელით წერით განვითარებული პატარა ლათინური ასოები |
ამოტვიფრული ქართული ასომთავრული ასოები |
![]() | ||
ხელით წერით განვითარებული ქართული მხედრული ასოები |
ძველქართული ნუსხური, რომელიც თანამედროვე მხედრულზე ადრე გამოიყენებოდა და უშუალოდ ასომთავრულისგან უნდა წარმოშობილიყო სწრაფი წერის შედეგად, მიიჩნიეს მხედრულის სტილისტურ ნაირსახეობად, მის დახრილ ვარიანტად, ისევე როგორც ლათინურშია კურსივი ფორმა. ვინაიდან ლათინურის კურსივი უნიკოდში არაა შეტანილი, გადაწყვიტეს, აღარც ნუსხური არ შეეტანათ, ასომთავრული და მხედრული კი პირობითად დააწყვილეს „დიდ“ და „პატარა“ ასოებად, მაგრამ თითოეული მაინც უნიკამერულ დამწერლობად განისაზღვრა, ვინაიდან მათი ცნობით, თანამედროვე ქართულში ამ დიდ და პატარა ასოებს შერეულად აღარ იყენებდნენ სხვა ბიკამერული დამწერლობების მსგავსად.
![]() |
ქართული ნუსხური ასომთავრულით ე.წ. ხუცური ხელნაწერი |
პირველი შესწორება და დამატება
საქართველოში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებისა და კომპიუტერული სისტემების გავრცელების კვალდაკვალ ქართული ასონიშნების უნიკოდში სათანადოდ წარმოდგენის საკითხი კვლავ წამოიჭრა 90-იანი წლების ბოლოს. უნიკოდის კონსორციუმს ნუსხური ანბანის დამატების თაობაზე წერილი მისწერა „საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა“, შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქომაც. ამ წერილებში განმარტებული და დასაბუთებული იყო, რომ ნუსხური არ წარმოადგენდა მხედრულის დახრილ ვარიანტს, ისინი მეტად განსხვავდებოდა ერთიმეორისგან და შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთის სანაცვლოდ გამოყენება.
ნუსხურს გააჩნდა ისეთი სახის ქარაგმები და ლიგატურები, რომელთა მსგავსიც მხედრულში არასდროს არსებულა და ამასთან ერთად, იყო ტექსტები, რომლებიც სამივე სახის დამწერლობას შეიცავდა. არსებული უნიკოდსტანდარტი კი მათ გაციფრულებას ვერ უზრუნველყოფდა.
![]() |
ნუსხური ასოები ქარაგმებით |
გარდა ამისა, ჩვეულებრივ, სწორედ ნუსხური გამოიყენებოდა ასომთავრულთან ერთად წყვილში ლათინურისა თუ სხვა დამწერლობების მსგავსად, როგორც „დიდი“ და „პატარა“ ასონიშნები პარაგრაფისა და საკუთარი სახელების დასაწყისში საერთო დასახელებით ხუცური, ხოლო თანამედროვე მხედრულთან კომბინაცია მეტად იშვიათი იყო, ვინაიდან მხედრულს განვითარების სულ სხვა საფეხურები ჰქონდა გავლილი და უკვე საკმაოდ დაშორებული იყო წინა ორისგან.
ამ დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე საჭირო გახდა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა უნიკოდში ქართულ ასონიშნებთან დაკავშირებით. სხვადასხვა მასალებსა და კვლევებზე დაყრდნობით ექსპერტმა დამწერლობებისთვის კოდირების განსაზღვრის საკითხებში, მაიკლ ევერსონმა, 2003 წელს წარადგინა ნუსხურის უნიკოდში ასახვისთვის განაცხადი, რომელიც გულისხმობდა მის გამოცალკევებას მხედრულისგან.
იქვე აღინიშნა, რომ ლათინურისა და სხვა დამწერლობების მსგავსი განვითარების ეტაპები გაიარა სწორედ ასომთავრულმა და ნუსხურმა, ამიტომ მათი წყვილი უნდა განსაზღვრულიყო ბიკამერულად, ხოლო მხედრული მიჩნეულიყო ცალკე მდგომ უნიკამერულ დამწერლობად, ვინაიდან ასომთავრულისა და ნუსხურის კომბინაცია ხშირი იყო ძველ ხელნაწერებში (ხუცური), ხოლო ასომთავრულის მხედრულთან გამოყენება, ცალკეულ მცდელობებს თუ არ ჩავთვლით, მიღებული პრაქტიკა არ ყოფილა.
შესაბამისად, კომპიუტერულ სისტემებში გამოჩნდა კლავიატურის ხუცური განლაგება, რომელშიც Shift და Caps Lock ღილაკები ნუსხურ ასოებს პირდაპირ გარდაქმნის ასომთავრულად.
მობილურ ტელეფონზე ძველქართული ასოების ასაკრეფად გამოსადეგია გუგლის კლავიატურა Gboard, ოღონდ განლაგება არ ემთხვევა ლათინურს და იმეორებს ძველი საბეჭდი მანქანისას.
აგრეთვე მოსახერხებელია ღია წყაროს მქონე პროგრამა AnySoftKeyboard, რომელშიც დამატებით უნდა ჩაიდგას ქართული კლავიატურის კრებული — Georgian For AnySoftKey და პარამეტრებიდან ასარჩევად დაემატება ნუსხა-ხუცურიც.
ამ შემთხვევაში განლაგება ლათინურის მიხედვითაა, Shift-ღილაკი ნუსხურს გარდაქმნის ასომთავრულად, ხოლო „თ, ჟ, ღ, შ, ჩ, ძ, ჭ“ ასოები ორჯერ შეხებით იკრიფება.
ამას გარდა, იმავე განაცხადში მოხსენიებული იყო სათაურებსა და მნიშვნელოვან ტექსტებში გამოყენებული მთავრულიც, რომელიც თანამედროვე მხედრულის შესაბამის დიდ ასონიშნებს ეწოდება, მაგრამ ემერსონის აზრით იგი მხოლოდ მხედრულის სტილისტური ვარიაცია უნდა ყოფილიყო დაახლოებით ისე, როგორც ლათინურშია Small Caps.
ამასთანავე, მისი ინფორმაციით, მთავრული არასდროს გამოიყენებოდა დიდი ასოების დანიშნულებით წინადადებების დასაწყებად და მხოლოდ გაფორმებისთვის ესაჭიროებოდათ, ამიტომ უნიკოდში დამატების საფუძველიც არ არსებობდა.
საბოლოოდ, 2005 წელს, უნიკოდში გამოჩნდა ქართულის მეორე ჯგუფი და დამწერლობის მესამე სახეობა – ნუსხური ასონიშნები (U+2D00–U+2D2F).
მეორე შესწორება და გაფართოება
2016 წელს კი შრიფტების ქართველმა დიზაინერებმა და შემმუშავებლებმა მაიკლ ევერსონთან თანამშრომლობით წარადგინეს ახალი განაცხადი ქართული ასონიშნების კიდევ ერთი – მესამე ჯგუფის დასამატებლად უნიკოდში (U+1C90–U+1CBF), რომელშიც განთავსდებოდა ზემოაღნიშნული მეოთხე სახეობა – მხედრულის მთავრული და, შესაბამისად, ქართული მხედრული დამწერლობაც განისაზღვრებოდა ბიკამერულად.
მოცემულ განაცხადში დასაბუთებულია 2003 წელს მთავრულის შესახებ გამოთქმული მოსაზრების სიმცდარე და მოყვანილია მაგალითები, რომ 1865-1924 წლების შუალედში დაბეჭდილ წიგნებში მთავრული სწორედ წინადადების დასაწყებად და საკუთარი სახელების გამოსაკვეთად გამოიყენებოდა მსგავსად სხვა ბიკამერული დამწერლობებისა.
![]() |
![]() |
ქართული მთავრული ასოები სათაურებსა და წერტილის შემდეგ |
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდგომ მის დამკვიდრებაზე უარი ითქვა დამატებითი ძალისხმევისა და ხარჯების გაწევის საჭიროების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ამის გამო სტატუსი ეცვლება და ვეღარ შეიძლება მიიჩნეოდეს „დიდ ასოებად“ ან მისი სრულყოფილად გამოყენება სტილის შეცვლითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მთავრულით სარგებლობა მაინც განაგრძეს საბჭოეთში წარწერებისთვის All-Caps (როცა სიტყვაში ან ფრაზაში ყველა ასონიშანი დიდია) ბანერებსა თუ პლაკატებზე და დღემდე აქტიურად გამოიყენება როგორც პოლიგრაფიაში, ასევე ციფრულ სამყაროში, მათ შორის ელექტრონულ დოკუმენტებში, ვებსაიტებზე, გრაფიკულ ვიდეორგოლებში და ა.შ.
![]() |
ქართული მთავრული ასოები აბრაზე All Caps |
ეს ასონიშნები არ წარმოადგენს მხედრულის პირდაპირ გადიდებულ ვარიანტს, არამედ მისგან განსხვავდება ხაზზე ურთიერთგანლაგებით, თვალის ზომით, პროპორციებითა და შტრიხის სისქით ზუსტად იმგვარად, როგორც სხვა ბიკამერულ დამწერლობებში განსხვავდება „დიდი“ და „პატარა“ ასოები. ამასთანავე ნათელია, რომ ქართველ მომხმარებლებს ხშირად ესაჭიროებათ მთავრულისა და მხედრულის ერთდროული გამოყენება, ვინაიდან უამრავ არასტანდარტულ ხერხს მიმართავდნენ, დაწყებული წყვილ-წყვილი ლათინური შრიფტების დამზადებით (როგორებიცაა AcadNusx / AcadMtavr, LitNusx / LitMtavr და ა.შ.), დამთავრებული ძველქართულის ადგილას მთავრულის ხელოვნურად დასმით, რაც სამთავრობო საიტებზეც შეიმჩნეოდა და დამატებით სიძნელეს ქმნიდა საძიებო სისტემებში, როცა ძველქართული ხუცური ასონიშნები ჩნდებოდა მხედრულის ნაცვლად.
საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ერთი მხრივ, აბრკოლებდა ქართული ენის კომპიუტერულ სივრცეში სრულყოფილად ასახვას და მეორე მხრივ, ხელს უშლიდა ერთიანი, გამართული სტანდარტის დამკვიდრებასა და უნიკოდის შრიფტების ფართო მოხმარებას საქართველოში.
მოცემული ყველა არგუმენტის გაცნობის შემდეგ ტექნიკურმა კომიტეტმა თანხმობა განაცხადა და 2018 წლის ივნისში ქართული ასონიშნების კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა უნიკოდში. შედეგად, დღეს უკვე ქართული ანბანის ოთხივე ნაირსახეობა (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული, მთავრული) სრულადაა წარმოდგენილი ასონიშნების კოდების ერთიან სტანდარტში და ამით იგი ერთადერთი ენა გახლავთ, რომელსაც ოფიციალურად გააჩნია ორი ბიკამერული დამწერლობა, ძველი და ახალი.
ეს სტანდარტი ნაწილობრივ უკვე ასახულია Google-ის, Microsoft-ის, Apple-ის პროდუქტებსა და აგრეთვე GNU/Linux-სისტემებში შემდეგი შრიფტების მეშვეობით:
- Calibri 6.32 (Windows 10 October Update 1809), 2018 წელი
- Segoe UI 5.62 (Windows 10 May Update 1903), 2019 წელი
- Helvetica Neue (macOS Catalina / iOS 13), 2019 წელი
- Google Noto (Android 11), 2019 წელი
- San Francisco (macOS Sonoma / iOS 17), 2023 წელი
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ Google Noto ღიად არის ხელმისაწვდომი გადმოსაწერად ოფიციალური საიტიდან, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი დანიშნულებით და სრული კრებული სხვადასხვა ნაირსახეობითა და შტრიხის სისქით აგრეთვე განთავსებულია Github-საცავში.
გარდა ამისა, გადმოსაწერად ღიადაა ხელმისაწვდომი San-Francisco შრიფტის გაფართოება SF-Georgian, რომელიც შეიცავს ქართული დამწერლობის მხედრულისა და მთავრულის ასოებს, მაგრამ მისი თავისუფლად გამოყენება იკრძალება და ნებადართულია მხოლოდ Apple-ის მოწყობილობებისთვის შექმნილი პროგრამული ნაწარმის წარმოსადგენად და საჩვენებლად სურათებში, ვიდეოებში და ა. შ.
შედეგად, უკვე შესაძლებელია სხვადასხვა სისტემაში მხედრულისა და მთავრულის საერთო შრიფტით გამოტანა არასტანდარტული ლათინურისა და წყვილი ფაილების გამზადების გარეშე და ასევე ხერხდება ტექსტის გაგზავნა მიმოწერისას, სოციალურ ქსელებსა და ვებსივრცეში.
გარდა ამისა, ამ შრიფტის დაყენებით მოგვარდება მთავრულის ნაცვლად კუბიკების გამოჩენის პრობლემა ზოგიერთ მოძველებულ და განუახლებელ სისტემაში.
Android-სისტემაზე მთავრული ასოები რომ აიკრიფოს, ასევე გამოდგება გუგლის კლავიატურა ან ღია წყაროს მქონე AnysoftKey, რომელიც არ აღრიცხავს და თავის სერვერებზე არ აგზავნის აკრეფილ ტექსტს.
- AnySoftKeyboard და დამატებით ქართული სრული კლავიატურა — Georgian Full Keyboard, საშუალებას იძლევა Shift-ღილაკით დაიწეროს მთავრულად.
- ხოლო Gboard პირდაპირ ვერ გაამთავრულებს Shift-ღილაკით, რადგან, დაკავებულია „თჟღშჩძჭ“ ასოებისთვის. სამაგიეროდ, ორჯერ შეხებით Shift აამოქმედებს Caps-Lock ფუნქციას და აკრეფილი სიტყვები შემოთავაზებების ზოლზე გამოჩნდება მთავრულით. ასევე იმუშავებს თითის გადასმის ჟესტებით აკრეფის შემთხვევაში.
Comments
Post a Comment